216 ქვეყანაში და ტერიტორიაზე 28 მილიონზე მეტი სკაუტია, მოზარდები და ახალგაზრდები, ბიჭები და გოგონები.
აღიარებული ნაციონალური სკაუტური ორგანიზაციები არსებობს 155 ქვეყანაში.
ნაციონალური სკაუტური ორგანიზაციები
155 ნაციონალური სკაუტური ორგანიზაციაა მსოფლიო სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის წევრი (ბოლოს გაწევრიანდნენ ალბანეთი, გვინეა და მალავი, 2005 წლის სექტემბერში). ერთი ქვეყნიდან შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ნაციონალური სკაუტური ორგანიზაცია. ზოგიერთ ქვეყანაში ნაციონალური სკაუტური ორგანიზაცია არის ფედერაცია, რომელიც შედგება რამდენიმე სკაუტური ასოციაციისაგან.
155 ნაციონალური სკაუტური ორგანიზაციიდან 122 მხოლოდ მსოფლიო სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციაში შედის, ხოლო 34 – ორივეში: მსმო-სა და გოგონა გაიდებისა და გოგონა სკაუტების მსოფლიო ასოციაციაში (გგგსმა).
122 ნაციონალური სკაუტური ორგანიზაციიდან, რომლებიც მხოლოდ მსოფლიო სკაუტური მოძრაობის ოორგანიზაციაში შედის, 95 ღიაა ბიჭებისთვისაც და გოგონებისთვისაც, 20 – მხოლოდ ბიჭებისთვის. 34 ნაციონალური სკაუტური ორგანიზაცია, რომლებიც მიეკუთვნება ორივეს: მსმო-სა და გოგონა გაიდებისა და გგგსმა-ში, ღიაა ბიჭებისთვისაც და გოგონებისთვისაც.
სკაუტინგი სხვაგან
სკაუტინგი არსებობს 26 ტერიტორიაზე, ხშირად როგორც წევრი სკაუტური ორგანიზაციის ზღვისიქითა განყოფილება.
35 ქვეყანაში სკაუტინგი არსებობს, მაგრამ იქ ჯერ არ არის ნაციონალური სკაუტური ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიო სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის წევრია.
6 ქვეყანაში, მსმო-ის მონაცემებით, სკაუტინგი არ არსებობს, ან აკრძალულია. ეს ქვეყნებია:
ანდორა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
კუბა
კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა
ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა
მიანმი
მსოფლიო სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია (მსმო)
მსოფლიო სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია წარმოადგენს საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს აღიარებულ ნაციონალურ სკაუტურ ორგანიზაციებს. მისი მმართველი ორგანოა მსოფლიო კონფერენცია, რომელიც იკრიბება 3 წელიწადში ერთხელ, ხოლო აღმასრულებელი ორგანოა მსოფლიო კომიტეტი, რომელიც შედგება არჩეული მოხალისეებისაგან.
მსოფლიოს სკაუტური ბიურო არის მოძრაობის სამდივნო და ემსახურება ნაციონალურ სკაუტურ ორგანიზაციებს. მისი შტაბბინა მდებარეობს ჟენევაში, ხოლო რეგიონალური ოფისები – ჟენევასა და ბრიუსელში; ქაიროში; მანილაში; ნაირობში, დაკარსა და კეიპტაუნში; სანტიაგოში; და იალტასა და მოსკოვში.
მსოფლიო სკაუტური კონფერენცია
კონფერენცია არის სკაუტინგის “გენერალური ასამბლეა”, რომელიც მართავს მსოფლიო ორგანიზაციას და შედგება ყველა წევრი ნაციონალური ორგანიზაციისაგან. კონფერენცია ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იკრიბება.
მსოფლიო ორგანიზაციის წევრები არიან მსოფლიო სკაუტური კონფერენციის მიერ აღიარებული ნაციონალური სკაუტური ორგანიზაციები. თითოეულ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ორგანიზაციაა აღიარებული. ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს ნაციონალური ფედერაციები, რომლებშიც შედის ერთზე მეტი სკაუტური ასოციაცია. წევრი ქვეყნები წარმოდგენილი არიან კონფერენციაზე მაქსიმუმ 6 დელეგატით.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს მსოფლიო სკაუტური მოძრაობის ერთიანობას, ერთობასა და განვითარებას.
მსოფლიო სკაუტური კომიტეტი
მსოფლიო სკაუტური კომიტეტი არის მსოფლიოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის აღმასრულებელი ორგანო. ის პასუხისმგებელია მსოფლიო სკაუტური კონფერენციის მიერ მიღებული რეზოლუციების შესრულებაზე და მოქმედებს მისი სახელით შეკრებებს შორის პერიოდში.
კომიტეტი შედგება 14 წევრისაგან. 12 მათგანს ირჩევენ 6 წლის ვადით სხვადასხვა ქვეყნებიდან. წევრები არ წარმოადგენენ თავიანთ ქვეყნებს, არამედ მხოლოდ მოძრაობის საერთო ინტერესებს. დანარჩენი 2 ადგილი ეკუთვნით მსოფლიოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს და ხაზინადარს. კომიტეტი იკრიბება წელიწადში ორჯერ როგორც წესი ჟენევაში, შვეიცარიაში.
მსოფლიო სკაუტური ბიურო
მსოფლიო სკაუტური ბიურო არის მსოფლიოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის სამდივნო, რომელსაც მართავს გენერალური მდივანი. მას ნიშნავს კომიტეტი და ის არის ორგანიზაციის მთავარი ადმინისტრაციული ხელმძღვანელი.
ბიუროს ოფისი თავდაპირველად გაიხსნა ლონდონში 1920 წელს. 1959 წელს მან გადაინაცვლა ოტავაში (კანადა) და ბოლოს 1968 წელს დამკვიდრდა ჟენევაში (შვეიცარია). აგრეთვე არსებობს რეგიონალური ოფისები მთელ მსოფლიოში:
* აფრიკის რეგიონი – ნაირობი (კენია), დაკარი (სენეგალი) და კეიპტაუნი (სამხრეთ აფრიკა);
* არაბეთის რეგიონი – კაირო (ეგვიპტე);
* აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონი – მანილა (ფილიპინები);
* ევრაზიის რეგიონი – იალტა (უკრაინა), მოსკოვი (რუსეთის ფედერაცია);
* ევროპის რეგიონი – ჟენევა (შვეიცარია), ბრიუსელი (ბელგია);
* ინტერამერიკული რეგიონი – სანტიაგო (ჩილე).
როგორც მსოფლიო ორგანიზაციის სამდივნო, მსოფლიო ბიურო ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
* ბიურო დახმარებას უწევს მსოფლიო და რეგიოანლურ კონფერენციებს და კომიტეტებს და მათ ქვემდებარე ორგანოებს მათი ფუნქციების განხორციელებაში. ეს მოიცავს შეხვედრების მომზადებას და სხვადასხვა ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების უზრუნველყოფას.
* ის ხელს უწყობს სკაუტინგის განვითარებას მთელ მსოფლიოში;
* ის უზრუნველყოფს კავშირებს ნაციონალურ სკაუტურ ასოციაციებს შორის და ეხმარება მათ თავიანთ ქვეყნებში სკაუტინგის განვითარებაში;
* ის ხელს უწყობს სკაუტინგის განვითარებას იმ ქვეყნებში, სადაც ის ჯერ არსებობს;
* ის მეთვალყურეობას უწევს საერთაშორისო და რეგიონალური სკაუტური მოვლენების ორგანიზებას, როგორიცაა მსოფლიო და რეგიონალური ჯამბორები;
* ის ამყარებს ურთიერთობებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ახალგაზრდობასთან.

