ქვემო ქართლის სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია (ქქსმო) დაარსდა 2002 წლის გაზაფხულზე და წარმოადგენს საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის (სსმო) რეგიონალურ ორგანიზაციას ქვემო ქართლში. იგი არის არაპოლიტიკური, არასამხედრო, არასამთავრობო, არამომგებიანი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საკუთარი წესდების, სსმო-სა და მსოფლიო სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის კონსტიტუციების შესაბამისად.
ქქსმო წარმოადგენს ბავშვებისა და ახალგაზრდების ნებაყოფლობით საგანმანათლებლო მოძრაობას, რომლის წევრიც შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი განურჩევლად წარმომავლობისა, რასისა, სქესისა და აღმსარებლობისა. ქქსმო ეხმარება ბავშვებსა და ახალგაზრდებს ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღებაში. საქმიანობები დაფუძნებულია სრულ თვითმმართველობასა და წევრთა ნებაყოფლობით მონაწილეობაზე.
ქქსმო ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
1. მოვალეობა ღვთის წინაშე
2. მოვალეობა სხვათა წინაშე
3. მოვალეობა საკუთარი თავის წინაშე
პირველი მიუთითებს პიროვნების ცხოვრების სულიერ ნაწილზე, მეორე – პიროვნების დამოკიდებულებაზე საზოგადოების მიმართ, მესამე – პიროვნების მოვალეობაზე საკუთარი თავის მიმართ.
მოვალეობა ღვთის წინაშე:
* სულიერი პრინციპების ერთგულება;
* ამ პრინციპების გამომხატველი რელიგიის ერთგულება;
* რელიგიურ მოვალეობათა შესრულება.
მოვალეობა სხვათა მიმართ:
* საქართველოს ერთგულება;
* მონაწილეობა საზოგადოების განვითარების პროცესში;
* თანამემამულეთა ღირსების აღიარება და პატივისცემა;
* ურთიერთგაგება და თანამშრომლობა ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე;
* ბუნების დაცვა.
მოვალეობა საკუთარი თავის წინაშე:
* პასუხისმგებლობა საკუთარი პიროვნების განვითარებისათვის.
ქქსმო აერთიანებს ყველას, ვინც ცნობს სკაუტური მოძრაობის მიზნებს, პრინციპებსა და მეთოდებს.
ქქსმო-ში არის სამი ტიპის წევრობა:
1. ახალგაზრდა სკაუტები, რომლებმაც მიიღეს სკაუტის პირობა და მიეკუთვნებიან სამ ასაკობრივ ჯგუფს:
კაბსკაუტები – 8-12 წლის;
სკაუტები – 13-17 წლის;
როვერსკაუტები – 18-25 წლის.
2. აქტიური ლიდერები, რომლებიც არიან სულ ცოტა 18 წლის, მიიღეს სკაუტის პირობა და მონაწილეობენ ახალგაზრდა სკაუტების აღზრდა-განათლებაში, სხვა სკაუტურ პროგრამებსა თუ პროექტებში, ან ქქსმო-ს მართვაში.
3. პიროვნებები/სპონსორები, ვინც მხარს უჭერენ ქქსმო-ს სკაუტინგის განვითარებაში.

